პაციენტებისთვის, რომლებმაც თურქეთში იმკურნალეს, 20 ქვეყანაში დიაგნოსტიკის ცენტრები გაიხსნება
თურქეთი მსოფლიოს 20 ქვეყანაში იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში მკურნალობა გაიარეს, დიაგნოსტიკის ცენტრებს ხსნის.
როგორც „ანადოლუ“-ს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განუცხადა, აღნიშნული ღონისძიება ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
მისი თქმით, თურქეთში წელს, 2018 წელთან შედარებით, სამკურნალოდ 30%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩავიდა.
„თუ გასულ წელს სამკურნალოდ 553 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე გვესტუმრა, მხოლოდ 10 თვის მონაცემით, წელს უკვე 650 ათასი ადამიანია დაფიქსირებული. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 760 ათასამდე გაიზრდება“,- განმარტა ქოჯამ.
მინისტრის თქმით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, 2023 წლისთვის 1,5 მლნ უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიზიდოს, რის შედეგად ქვეყანა 10 მლრდ დოლარიან მოგებას ნახავს.