რომან გოცირიძე: ყველა დეპუტატი, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს დაუჭერს, სამარცხვინო დაფაზე იქნება გამოკრული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თანაგუნდელ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა დეპუტატის სახელი და გვარი, რომელიც მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს დაუჭერს, “უღირსთა დაფაზე“ გამოიკვრება.

“ახლა ეკრანს ვუყურებ და ველოდები გადაწყვეტილებას, თუ კენჭისყრისას ვინ როგორ მისცემს ხმას. ყველა დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს მელიას უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული. მე პირადად ამ კედელზე გავაკრავ და ფლომასტერით დავაწერ “უღირსთა დაფა“. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი კაცის ბრძანებას ემორჩილებიან. დღეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ვინაიდან წინ არის კიდევ მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას სასამართლო გაამართლებს, ესენი ამბობენ, მაშინ პარლამენტში კვლავ დავაბრუნებთ და განაცდურის კომპენსაციას მივცემთო. ასეთი ცინიკური განმარტებები გააკეთეს. ასევე უნდათ ძალიან გააუბრალოონ დღეს ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვების კენჭისყრა და ამბობენ, რომ ეს ფორმალური და ტექნიკური მხარეა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემს საჭირო რაოდენობა ხმას, მაშინ ნიკა მელია პარლამენტში დარჩება. მსგავსი პრეცედენტი საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში იყო. იყო ასეთი დეპუტატი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინა და სანამ ის დეპუტატი იყო, ფაქტობრივად მას უფლებამოსილება არ შეუჩერეს, დეპუტატობის ვადის გასვლის შემდეგ იყო გამოყენებული საპატიმრო სანქცია. დღეს “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ზიანი მიიღო, ერთის მხრივ ნიკა მელიას დევნისა და პარლამენტიდან გაძევების სახით, მეორეს მხრივ იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც პირდაპირ მოემსახურებიან ივანიშვილს და მის კლანს. ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი პოლიტიკური ზიანი მიიღო პირადად ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“. 23 დეპუტატი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, დღეს არის ბედნიერი, რადგან მათ არ მოუწევთ იმ ღილაკზე ხელის დაჭერა, რომელსაც უღირსობა ჰქვია. სხვა დეპუტატებსაც აქვთ შანსი, თავიანთი შეცდომა გამოასწორონ და ამ ღილაკს ხელი არ დააჭირონ. ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მათ შუბლზე დამღა გამოესახებათ, რომელსაც ვერასდროს ჩამოიცილებენ. ვერც საკუთარ ოჯახში, ვერც ქუჩაში და მათი სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივა ნული იქნება. ეს ადამიანები შევლენ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, როგორც მორჩილი სამარცხვინო პიროვნებები“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები