“ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მოძრაობის დაკავებული წევრები
პარლამენტთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ლელო” განცხადებას ავრცელებს.
“საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” მიმართავს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაანთავისუფლონ აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით პარლამენტთან ჩინჩალაძის კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა.
“ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია და დაძაბვა.
აქვე ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს გავუშვებთ კანონის სრული დაცვით, მოვახდენთ სასამართლო სისტემის სრულ რეფორმირებას და სასამართლოს დავაკომპლექტებთ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეებით,” – ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს.