„საზოგადოება და ბანკები“ – 111,400 მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით 111,400 მსესხებელს ლარში აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.
„2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5909 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული“, – ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებაში.
„საზოგადოება და ბანკების“ განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მანამ, სანამ ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი არ მოიხსნება.
„მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის გამყარებისა, გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე კვლავ რჩება და ნოემბრის ინფლაცია 7%-ია. (ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). მიუხედავად საგარეო ფაქტორების დადებითი დინამიკისა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ინვესტიციები), ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიმოხილვაში.