გიორგი გახარია: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართველი ჯარის წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

გახარიას თქმით, ქართველი ჯარისკაცების გმირობების წინაშე ყველამ ქედი უნდა მოიხაროს.

“დღეს ქართულმა არმიამ, ჯარმა ის რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ყველას, დაანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათაშორის 500-ზე მეტი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ, სამწუხაროდ 5 დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს, ჩემი ინფორმაციით მსუბუქად არიან დაჭრილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიუთითებს მის სიძლიერეზეც, მის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე.

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართველი ჯარის წინაშე. უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობების წინაშე რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან. მინდა ვუსურვო მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები