მამუკა მდინარაძე: საქართველოს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები ჰყავს, ქვეყნის პრეზიდენტმა ყველა სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები ჰყავს.
“საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ, ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები. ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ყველა ასეთ განცხადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.