თბილისის მერმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და ის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც აქამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსხურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, კახა კალაძის განცხადებით, ის მუშაობას კვლავ მერიაში გააგრძელებს.

თბილისის მერმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მამუკა მუმლაძე, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს არსად მიდის და ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში და დავიწყეთ მუშაობა, ძალიან რთული პერიოდი იყო გადაბარების პროცესის ჩათვლით. მამუკა უშუალოდ ჩართული იყო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხში, რომ შემუშავებულიყო ახალი სქემები და ტრანსპორტი გადანაწილებულიყო, ისე, რომ რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა მაქსიმალურად სწორად ყოფილიყო გამოყენებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ახალ სისტემაზე გადადის და გარდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა, იქმნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისივე განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე.

„ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და იქ სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ,ყველგან იქმნება ავტობუსის ზოლები, რათა ქალაქში საზოგადოებრტივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება. ასევე დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე – ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მოგვცემს გარკვეულ შვებას იმ საცობებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვიქტორ წილოსანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები