სოფლის მაღაზიაში განთავსებული სკოლა, რომელიც ორი მოსწავლისთვის ფუნქციონირებს (ვიდეო)
უკვე მეათე წელია სკოლის ზარი მოსწავლეებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში, ძველი მაღაზიის შენობაში ირეკება. სკოლის ადმინისტრაციამ, მაღაზიის შენობაში საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელება, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სკოლის შენობა 2010 წელს გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
წიგნები, სასკოლო ინვენტარი, პირადი საქმეები, ჟურნალები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გადარჩენა პედაგოგებმა ადგილობრივების დახმარებით მოახერხეს, ძველი მაღაზიის შენობაში განათავსეს და 60 მოსწავლიდან 45 მოსწავლით განაგრძეს სასწავლო პროცესი.
დღეს სკოლა 8 წლის გიორგისა და 7 წლის ერეკლესთვის ფუქნციონირებს. სკოლის ყოფილი დირექტრი გვიხსნის, რომ მოსწავლების სიმცირე, არა მხოლოდ სკოლის შენობის არქონამ განაპირობა, არამედ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურმა მიგრაციამ.
გიორგის და ერეკლეს მალე სკოლის ახალ შენობაში შეეძლებათ სწავლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში საბაზო სკოლის პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა, ახალი წლიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაზო სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.