“ამ დარბაზში ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ჩემპიონი აღიზარდა”- ონში სასპორტო სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს

ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს. რაჭველებმა ქართულ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ახალგაზრდების დაინტერესებისა და კვალიფიციური მწვრთნელების ერთობლივი შრომის შედეგად, განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს.

მომავალ სპორტსმენებს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ტარიელ ბერელიძე და პაპუნა გრძელიშვილი ავარჯიშებენ.

ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა და სასპორტო სკოლის დირექტორი, ტარიელ ბერელიძე, სიამაყით გვიყვება იმ მიღწევებზე, რომლებსაც ამ დარბაზიდან გასულმა ახალგაზრდებმა,  საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით, მიაღწიეს.

“ამ დარბაზში, ჩემი მწვრთნელობის პერიოდში, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ჩემპიონი აღიზარდა. 2016 წელს ონელი მირიან მაისურაძე გახდა მსოფლიო და 2019 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი,ასევე გიორგი ჩიხრაძე მიმდინარე წელს ჭაბუკთა შორის მსოფლიო მეორე  კატეგორიის პრიზიორია, ლუკა გუგეშაშვილი ევროპული თამაშების მეორე პრიზიორი,თორნიკე სამხარაძე – ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი. მარტო წელს 5 მედალი ჩამოიტანეს ამ დარბაზში აღზრდილმა მოჭიდავეებმა. დარბაზი, სადაც ვვარჯიშობთ, ამორტიზებულია, ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ხელი ყველანაირად შეგვიწყოს, შეგვპირდა, რომ თუ გარემონტება ვერ მოხერხდა, ახალ დარბაზს აგვიშენებენ. ონში ასეთი სეგმენტის არსებობა აუცილებელია,მთიანი რეგიონი ვართ და სპორტის ეს სახეობა ინდივიდუალურ სპორტად ითვლება, მიღწევები საკმაოდ დიდი გვაქვს, მაგრამ მიგრირებული მუნიციპალიტეტია და კონტიგენტი გვიჭირს“,- ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ტარიელ ბერელიძე.

ახალგაზრდა მოჭიდავე, რაჭისა და აფხაზეთის პრიზიორი, ნიკოლოზ  ბუხრაშვილი ონში  სპორტული კომპლექსის არსებობით კმაყოფილია და ამბობს, რომ აქ ბავშვები და მოზარდები ყოველთვის სიხარულით მოდიან.

“კარგი იქნება თუ დარბაზი მომავალში უფრო კეთილმოწყობილი იქნება, შესაბამისად შედეგებიც მეტი იქნება. ვგეგმავ, აქედან ვარჯიში თბილისში გავაგრძელო.მეტად უნდა დავიტვირთო, რომ ონი და საქართველო ვასახელო. მე ჭიდაობის გარეშე ვერ ვიარსებებ,მომავალში არ ვიცი როგორ წამივა ცხოვრება, მაგრამ მინდა ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი გავხდე“,- ამბობს ნიკოლოზ ბუხრაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები