ბადრი ჯაფარიძე: საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ მმართველი ძალა აიძულა, რომ დიალოგზე წამოსულიყო
საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ მმართველი ძალა აიძულა, რომ დიალოგზე წამოსულიყო, – ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით გუშინ გამართული შეხვედრა.
ჯაფარიძის თქმით, დიალოგში დასავლელი პარტნიორები დიდ როლს თამაშობენ.
“საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ მმართველი ძალა აიძულა, რომ დიალოგზე წამოსულიყო. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, დიპლომატები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. როგორც ჩანს გარკვეული კომპრომისის მზაობა მმართველი ძალის მხრიდან არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.