დიმიტრი ხუნდაძე: ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება, ეს სავალდებულოცაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ გუნდში შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან თვითონ არაერთხელ წავიდა კომპრომისზე.
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მე გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება. ეს სავალდებულოც არის. უნდა გამოინახოს კომპრომისი, რადგან მე არაერთხელ წავედი კომპრომისზე ამ საკითხში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა გადაწყდა, მე მქონდა არაერთი საწინააღმდეგო განცხადება. ამ ნაბიჯის გადასადგმელად პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი თვითმმართველობა, რაც დღეს არ გვაქვს. მაშინ ითქვა, რომ 2024 წლისთვის შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ ეს პირობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი შეიცვალა. როდესაც ზაფხულში ხელახლა დადგა ეს საკითხი, მე კიდევ ერთხელ წავედი კომპრომისზე, რადგან რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო გუნდის ერთიანობა. ქუჩაში იყო დაძაბული ვითარება, ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა თავისი მოთხოვნები, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და მე დავთანხმდი ამ ინიციატივას,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, კომპრომისზე სიტუაციის დასამშვიდებლად წავიდა, თუმცა ხედავს, რომ ვინც არეულობას აწყობს, პროპორციული სისტემით სწორედ ამ პარტიებმა უნდა დააკომპლექტონ პარლამენტი და მართონ ქვეყანა.
“მე წავედი კომპრომისზე იმიტომ, რომ იყო მოლოდინი, რომ ქუჩა დამშვიდდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ, გაგრძელდა არეულობა, მასშტაბური აქციები და ლანძღვა-გინება, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა, გადაუარეს რწმენას, არ დაინდეს პატრიარქი და ახლა მე ვისმენ, რომ პროპორციული სისტემით სწორედ ამ პარტიებმა უნდა დააკომპლექტონ პარლამენტი და მართონ ქვეყანა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.