გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
მთავარია გავაცნობიეროთ, რომ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ფაქტორების, საარჩევნო ტრადიციების და გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება დრომ აჩვენოს, რომ პროპორციული სისტემა არ ამართლებს.
“განსხვავებული საარჩევნო სისტემების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ფაქტორების, საარჩევნო ტრადიციების და გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით. დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მეც ვხედავ რისკებს, რაზე ჩემი თანაგუნდელები მიუთითებენ, განსაკუთრებით სტაბილურობის ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ. შეიძლება დრომ აჩვენოს, რომ პროპორციული სისტემა არ ამართლებს და მომავალში დაიწყოს საპირისპირო დისკუსია. მაგრამ დღეს ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური მოცემულობა ვერ დამშვიდდება და ყველა ხელისუფლებისთვის ეს თემა გამოწვევად დარჩება”, – განაცხადა კახიანმა.