იუსტიციის მინისტრმა ცაგერში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცაგერში 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან, მინისტრმა ლეჩხუმის მოსახლეობას ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა.
ცენტრის გახსნას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავაც ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა „ რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ ცაგერში 73-ე ცენტრის გახსნა იმის დასტურია, რომ იუსტიციის სისტემაში შენება და ინფრასტრუქტურული განვითარება შეუქცევადი ტემპით გრძელდება.
„მთავრობა მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ცენტრები კიდევ უფრო მეტი სერვისების გამცემი გახდეს, როგორც ერთიანი, ე.წ ფრონტოფისი, ხაზგასმით მინდა ბავშვების სიხარული აღვნიშნო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ექნებათ უფასო ინტერნეტი, კომპიუტერების ოთახი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, წიგნები, ინტერნეტ წვდომა შესაძლებელი იქნება ქალაქის ცენტრში მდებარე პარკშიდაც.
მინდა ლეჩხუმის 13.000 მოქალაქეს მივულოცო ეს სიახლეები და ყველა ცაგერელს კარგი ამბები ვუსურვო“,- განაცხადა წულუკიანმა.
მხარის რწმუნებულმა, „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ არჩილ ჯაფარიძემ ეს არის მაგალითი, რომ სახელმწიფო მთიანი რეგიონების მხარდაჭერას აგრძელებს.
„გრძელდება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროცესი, ძველით ახალი წლისთვის, 13 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში იგეგმება ცენტრის გახსნა. როგორც ხედავთ მოსახლეობა გახარებულია ცაგერში, აქ დასაქმდება ადგილობრივი კადრები,ვულოცავ ცაგერლებს ამ ლამაზ დღეს და იმედია, რომ მომავალშიც საინტერესო პრეზენტაციების მოწმენი გავხდებით“,- აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.
საზოგადოებრივ ცენტრში თავმოყრილია 200-მდე სერვისი, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს, აქ მათ შეეძლებათ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, განათლების სამინისტროს სერვისების მიღება, ასევე ცენტრში განთავსდება პრობაციის ოფიცერი, ლიბერთი ბანკი და საპენსიო მომსახურეობა, მაგთის ოფისი, რომელიც აქამდე ცაგერში არ არსებობდა, უკაბელო და უფასო ინტერნეტ მომსახურეობა, შეხვედრების ოთახი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, წიგნები და სხვადასხვა თანამედროვე სტანდარტების სერვისები.