“მამაო სთხოვდა მას ეს ჩანთა თბილისში წაეღო” – ზუგდიდში დაკავებულმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დაკავებულმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია.
როგორც მალანიას უფლებადამცველმა, ჯიტა გულუამ განაცხადა, მალანია ქუთაისის ციხეში, დამატებით დაკითხეს და ბრალდებულმა სვიმონ ქავთარაძის რეპუტაციიდან გამომდინარე, დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საკუთრებაში არსებობა დაიბრალა.
„დღეს მალანიამ დაადასტურა, რომ რეალობაში ჩანთა მას მიღებული ჰქონდა მამაოსგან და მამაო სთხოვდა მას ეს ჩანთა თბილისში წაეღო. მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო თბილისში და იქ უნდა გადაეცა ჩანთა უკან. იქ რომ ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, წარმოდგენა არ ჰქოდნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მალანიას“- განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველი მალანიას ჩვენებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მას ჩანთისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა და მკაცრად გააფრთხილა, რომ აღნიშნული ჩანთა სხვის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო.
„როდესაც მამაომ ეს ჩანთა გადმომცაო, მთხოვაო მიმექცია განსაკუთრებული ყურადღებაო. როდესაც პოლიცია მოვიდა და მეუბნებაო ნარკოტიკული ნივთიერება გაქვთ თანო და ჩხრეკა უნდა ჩაგიტაროთო, განვაცხადეო თანხმობა, რადგან თავი არ მეეჭვებოდაო, მერე ამომიტივტივდაო მამოს გაფრთხილებები.“- ციტირებს ადვოკატი
გულუას ინფორმაციით, თუ რატომ დაიბრალა მან მძიმე დანაშაული დაკავებისას, ბრალდებულმა იმით ახსნა, რომ მას მამაოსთან დალაპარაკების საშუალება არ ჰქონდა.
„მამოს ვიცნობო კარგა ხანიაო და ვერ დავუკავშირეო ნარკოტიკების კუთვნილება მამოსადმი, ვიფიქრე ვიტყვი ჩემია, რადგან ამიღეს ფაქტი იყო და ვიფიქრე მერე გაირკვევა გამოძების ეტაპზეო“- აღნიშნა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – რომან მალანია და ათონის მთაზე მოღვაწე, 32 წლის ბერი – სვიმონ ქავთარაძე, რომელსაც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში წარუდგენენ ბრალს.
რომან მალანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით, 10 ათასი ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.
მან სასამართლოზე დუმილის უფლებით ისარგებლა.