ნინო მიქიაშვილი: მოვუწოდებთ პრემიერს, უშუალოდ დაინტერესდეს, რა ხდება ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი პრემიერმინისტრს მოუწოდებს, უშუალოდ დაინტერესდეს საფრთხეში მყოფი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდით, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გელაძემ განაცხადეს.

„ჩვენ დღეს მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ უშუალოდ დაინტერესდეს, რა ხდება ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ქალბატონი ელენე კავლელაშვილი გარდაიცვალა 17 ნოემბერს, ჩვენი საგანძური დარჩა უპატრონოდ. ჩვენს საგანძურს შეიძლება, დაეპატრონოს პოტენციურ დამნაშავეთა ჯგუფი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის და მისი გარემოცვის სახით. ამიტომ ვთხოვთ პრემიერს, დაინტერესდეს ამ საკითხით. პარალელურად ორშაბათს, 12:00 საათზე ჩვენი ჯგუფი ხვდება კულტურის მინისტრის მოადგილეებს“, – განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

ზურაბ გელაძემ ხელოვნების მუზეუმის შენობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოგახსენებთ ხელოვნების მუზეუმის შენობის შესახებ, რომელიც აშენებულია 1832 წელს ცნობილი იტალიელი არქტიტექტორის მიერ. ამ შენობის შენარჩუნება აუცილებელია. დღეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღე ტელევიზიით: რომ ყოველწლიურად სარესტავრაციო სამუშაოებზე ძველი შენობა-ნაგებობესთვის გამოიყოფა ბიუჯეტის 1 %. ეს საკმადო დიდი თანხაა. აუცილებელია, ამ შენობას რამე ეშველოს. რატომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ შენობის შენარჩუნებას – მოგეხსენებათ, რომ ამ შენობაში განთავსებულია ოქროს ფონდი. არსებობს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ცხადყოფს, რომ ოქროს ფონდში დაცული რიგი ექსპონატები გადაადგილებას არ ექვემდებარება. დღევანდელი მუზეუმის მმართველობა სასწრაფოდ ფუთავს, აღრიცხვას აკეთებს და აპირებს, ამ საგანძურის გადატანას იქვე, სასტუმროს შენობაში. ამ ნივთების დაძვრა არ შეიძლება. გამომდინარე აქედან, შენობის რეკონსტრუქიის პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ამ ექსპონატებს გარკვეულ დიდ მანძილებზე გადაადგილება არ მოუწიოთ“, – განაცხადა გელაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები