განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი მოსამართლის გადაწყევეტილების გასაჩივრებას აპირებს
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას ადვოკატის ონისე მებონიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
პოლიციელის უფლებადამცველის განმარტებით, არ არსებობდა მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.
„მოსამართლის გადაწყვეტილებას, ალბათ, გავასაჩივრებთ. დაკავებულია ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის დადებითი რეპუტაცია საზოგადოებაში. 100 ათასიანი გირაო მოვითხოვეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაკავებული ბრალდებული პიროვნება 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული. იმის საფრთხეც, რომ ის მიემალებოდა გამოძიებას ან გავლენას მოახდენდა მოწმეებზე ან რამე ფორმით ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, მინიმალიზებული იყო“, – განაცხადა პოლიციელის უფლებადამცველმა ონისე მებონიამ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლენ, შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ბრალდებული სამართალდამცველის ბესო ფიფიას საქმეზე, რომელმაც წალენჯიხაში გარემოს დაცვის და პოლიციის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა.
ბრალდებულმა სამართალდამცველმა ბესო ფიფიამ, პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში უცნობია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა.