ზუგდიდში დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში ჩაუდგებიან
რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ზუგდიდში დაკავებულ ბერს, მამა სვიმონ ქავთარაძეს, სასულიერო პირები თავდებში ჩაუდგებიან. ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს დაკავებულის უფლებადამცველიც. ჯიტა გულუას თქმით, სასულიერო პირებისგან მსგავსი საქციელი არ გაუკვირდება.
“სასულიერო პირები თავდებში რომ დაუდგნენ, ნამდვილად არ გამიკვირდება მამაოს წარსულიდან გამომდინარე, იმდენად დაფასებულია. უნიჭიერესი ადამიანია. ბოსტონში ინგლისურად დაამთავრა უნივერსიტეტი და საბერძნეთში ბერძნულად. ნამდვილად არ არის რიგითის საქმე. გარდა განათლებისა, მას აქვს სხვა სულიერი, ძალიან დიდი, კეთილი მხარე, რომელსაც, ალბათ, ეკლესია დააფასებს”, – თქვა ჯიტა გულუამ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ზუგდიდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები დღეს საღამოს შეიკრიბებიან და მამა სვიმონ ქავთარაძის თემაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერ-მონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.
რაც შეეხება ბერს, ბრალს მასაც დღეს წარუდგენენ.