ქუთაისის ციხეში პატიმარმა საპარსის ლითონით ტანსაცმლიდან ამოღებული ძაფით პირი ამოიკერა

ქუთაისის ციხეში პატიმარმა,  საპარსის ლითონის დეტალის საშუალებით, ტანსაცმლიდან ამოღებული ძაფით პირი ამოიკერა.

კობა ომანაძის ადვოკატის, ილია ჯანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც სასამართლო ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

სასჯელაღსრულებაში კი “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ პატიმარმა, კობა ომანაძემ შიმშილობა 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რის შემდეგაც სისტემატურად უტარდება შემოწმებები.
“ბრალდებულმა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა შიმშილობა პირად საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ის არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს. კ.ო. პერიოდულად ცვლიდა შიმშილობის ფორმას და გადადიოდა არასრულ შიმშილზე. 8 ოქტომბრიდან მოთავსებულია ელექტრო-ვიზუალური მეთყვალყურეობის ქვეშ. ბრალდებულს, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნარკოლოგის მიერ, კონსულტაცია ჩაუტარდა და ჩაერთო მეტადონის დეტოქსიკაციის კურსში (რომელიც დაასრულა 11.11.2019 წ.).
ამ ეტაპზე ბრალდებულის დიაგნოზია – ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, რემისია.
7 და 17 ოქტომბერს ბრალდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია. გასინჯვის შედეგად მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში. ამასთან, 10 ოქტომბერს, 7 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაეწია ფსიქიატრის კოსულტაცია. 23 ოქტომბერს, 13 და 11 ნოემბერსა და 2 დეკემბერს ბრალდებულს ჩაუტარდა თერაპევტის კონსულტაცია. ასევე, შიმშილობის პერიოდში ბრალდებულს სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარა.
3 დეკემბერს კობა ომანაძემ ამოიკერა პირი. როგორც თავად განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით გაიკეთა თითო ნახვრეტი ზედა და ქვედა ტუჩზე, გაყრილი აქვს ტანსაცმლის ქსოვილიდან ამოღებული ძაფი. ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას.
ო.კ. პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე. ბრალდებული იმყოფება მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შესაბამისად, ხდება დაზიანების დამუშავება. ბრალდებულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” სასჯელაღსრულებაში.

შეგახსენებთ, რომ კობა ომანაძე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა 3 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის სასჯელს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით იხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები