აკაკი ასათიანი: გერმანული მოდელი უვარგისია და ამომრჩევლისთვის გაუგებარი
“გერმანული მოდელი უვარგისია და ამომრჩევლისთვის გაუგებარი,” – ამის შესახებ “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერმა აკაკი ასათიანმა ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.
მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციონალისტებს შორისაც საკამათოა. შეიცავს შემდგომი აფეთქების დიდ საშიშროებას იმიტომ, რომ ვისაც როგორ უნდა, ყურს ისე მოაბამს არჩევნების შედეგებს, თუ წინასწარვე არ ითქვა.
პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ უნდა დაჯერება, რევოლუცია არ იქნება და ვითარება შეიცვალა.
“გადატრიალება ვერ მოხდება, შეიარაღებული გამორიცხულია, სხვანაირი გადატრიალებები არ ხდება”, – განაცხადა ასათიანმა.
“ტრადიციონალისტთა” ლიდერი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას სულ შეისრუტავს. აკაკი ასათიანის თქმით, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ 30 პარტიისგან ბლოკი გაკეთდება და ყველას სიაში ჩაწერენ.
“ვინც ამას მხარს უჭერს, ის “ნაციონალს” უჭერს მხარს და დამთავრდება ამით ყველაფერი. ამ საარჩევნო კანონით სამჯერ ჰყავს ოპოზიციას დამარცხებული ხელისუფლება და არჩევნებზე გამოჩნდება, როგორც დასაჯეს “ნაციონალები,” – ამბობს ასათიანი.
როგორც “ტრადიციონალისტთა” ლიდერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც გაბატონებულ რეჟიმს მოუგო.
“ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მორალური უპირატესობა. მან პირველმა მოუგო არჩევნებით გაბატონებულ, ყველაფრის მაკონტროლებელ რეჟიმს. ეს აღარ იყო ხელისუფლება,” – აცხადებს იგი.
აკაკი ასათიანი წყალტუბოსა და აბასთუმნის პროექტებზეც საუბრობს.
“ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად მე არ გამოვდგები, მაგრამ წყალტუბოზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ნეტა ადრე ექნა. წყალტუბო რომელიღაც დაღუპული იმპერიის დედაქალაქს ჰგავდა, საბჭოთა იმპერიის განსახიერება იყო. აბასთუმანი, ფანტასტიკური ადგილი, გაპარტახებული და გავერანებული. რას იზამს, წაიღებს სადმე?” – აცხადებს ასათიანი და მიიჩნევს, რომ ქართულ ეკონომიკაში ქართული ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.