“რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო თმა ამოგლიჯა” – ქუთაისის მე-3 სკოლის პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებენ 

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია პედაგოგ თამარ კუხიანიძეს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასწავლებელმა ბავშვს თავიდან თმა ამოაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაუგზავნა შსს-სა და განათლების სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს.

„მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ, დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა, რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა. მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – ამბობს მოსწავლის მშობელი და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

თავად პედაგოგი ფიზიკურად შეხების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეს მხოლოდ უსაყვედურა. სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი კი ამბობს, რომ შემთხვევას სკოლის დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის,  მაია ცქიტიშვილის თქმით, არც რესურსცენტრი და არც სკოლის დირექცია აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო და მომხდარი სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.
“ბავშვის სკოლიდან წაყვანის შესახებ არც სკოლის დირექცია და არც რესურსცენტრი არ იყო ინფორმირებული. როგორც განგვიმარტეს, მშობელმა დარეკა მხოლოდ მაღარლ ორგანოებში, განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ამ დრომდე უცნობია, აღძრავს თუ არა ფაქტთან დაკავშირებით საქმეს საგამოძიებო უწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები