აზერბაიჯანი საქართველოს 4-ზოლიანი, პირველი კატეგორიის საავტომობილო გზით დაუკავშირდება
განჯა-ყაზახი -საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოება აქტიურ ფაზაშია.
აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული 130 კილომეტრიანი მონაკვეთის სიგანე 27.5 მეტრი იქნება და ავტომობილები 4 ზოლში იმოძრავებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად 13 ხიდის და 69 მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობა იგეგმება.
აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი აბრეშუმის გზის, კერძოდ „აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის“ შემადგენელი ნაწილია და მისი მეშვეობით აზიიდან ევროპაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
როგორც სახელმწიფო უწყებები აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აცხადებენ, განჯა-ყაზახი-საქართველოს საგზაო მონაკვეთს პირველი კატეგორია მიენიჭება და ასეთი გზა ბოლო 15 წლის განმავლობაში 850 კილომეტრზე დაიგო.