“ამიტომაცაა, რომ ევროპაში ქუჩაში მოკოცნავე მამაკაცებს ნახავ” – “ამირანთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კინოთეატრ “ამირანთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის “ღმერთი არსებობს, მას პეტრუნია ჰქვია”, ჩვენებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ფილმის შინაარსი, მათ რელიგიურ ღირებულებებს შეურაცხყოფს. აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობის “ზნეობა დაიცავის” დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილიც იმყოფება.
“ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ უცხოელებმა და ქართველებმა ნახონ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამ თემებს უცხოეთში უკვე არავინ აღარ აპროტესტებს, ამიტომაც არის “გეი პარადები”, ქორწინებები, ბავშვის აყვანები, ამიტომაცაა, რომ ქუჩაში მოკოცნავე მამაკაცებს ნახავ, როგორც ნორმას და სოდომ-გომორში მივდივართ, ამიტომ ვაპროტესტებთ ამას,” – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატი წარწერით: “ხელისუფლება პედერასტიის სიბილწის დამცველი და მხარდამჭერია”.