“ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის“- ონში ახალგაზრდული საკრებულო შეიქმნა

ონის მუნიციპალიტეტში, 15-მა მოსწავლემ ახალგაზრდული საკრებულოს შექმნა გადაწყვიტა. ახალგაზრდულ საკრებულოს სხდომებზე ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, რომელიც მათი თქმით, შემდგომში თავიანთ კუთხეს წაადგება.

15 მოსწავლისგან შემდგარ საკრებულოს, თავმჯდომარე, მოადგილე და  ყველა ის კომიტეტი ჰყავს, რომელიც თვითმმართველობის ამ რგოლს კანონმდებლობით აქვს გათვალისწინებული.

საკრებულოს ყველა სხდომას, რომელიც მუნიციპალიტეტში იმართება, როგორც წესი, ახალგაზრდული საკრებულოს მინიმუმ ერთი წევრი ყოველთვის ესწრება. იმის გამო, რომ კომუნიკაცია ხშირი  პერიოდულობით ხდება, რაჭისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების გამო, საკრებულოში მხოლოდ ქალაქ ონის მოსწავლეები არიან გაერთიანებული და ამ ეტაპისთვის სოფლად მცხოვრები ბავშვების ჩართვა ვერ მოახერხეს, თუმცა ცდილობენ დასმულ საკითხებში მათი ინტერესები და საჭიროებები სრულად ასახონ.

ონის საკრებულოს თავმჯდომარე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი ამაყია იმ ახალგაზრდებით, რომლებმაც ონს სახელი გაუთქვეს და საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტებში 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ.

მისი თქმით, რაჭაში დარჩენილია მცირე,მაგრამ მოაზროვნე და მომავალზე ორიენტირებული თაობა, რომლებიც აქტიურობენ და ჩართულები არიან ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში.

“ახალგაზრდებისგან საღი და გონიერი აზრები მოდის. როცა მათ გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ ახალგაზრდული საკრებულო, ძალიან გამიხარდა და მაქსიმალურად ვეცადე მათთვის ხელი შემეწყო. სექტემბერში იყო პირველი შეკრება,მასში 15 ბავშვი გაერთიანდა.ისეთ საინტერესო, შორს მიმავალ გეგმებს სახავენ, ამაყი ვარ. ჩვენ თუ შევძლებთ და მათ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ, მუნიციპალიტეტზე ეს ძალიან კარგად აისახება.მინდა ხშირად შედგეს მათი ერთმანეთთან კომუნიკაცია და ამავე დროს ჩვენთანაც. ყველა სხდომაზე გვესწრება მათი წარმომადგენელი. ვინაიდან  მათი დაფუძნების პირველი წელია  და ბიუჯეტის ფორმირება ახლა ხდება,მათ შემოთავაზებულ წინადადებებს უახლოეს განხილვაზე გავიტანთ და იმედია, მხარსაც დავუჭერთ“,- აცხადებს შუქურა ჯაფარიძე.

ქეთევან  ჩიკვილაძე, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოს ერთ-ერთი აქტიური წევრია, ამბობს, რომ მისთვის ძალიან საამაყო და საინტერესოა ამ სტრუქტურაში მუშაობა.

“საკრებულოში ჩემი ყოფნა ნიშნავს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თემის საკითხები და ქალთა გაძლიერება, ამიტომ მინდა ამ მიმართულებით ბევრი სიახლე შევთავაზო ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 15 წევრი ვართ და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი აზრი გაგვაჩნია, არის კამათიც,მაგრამ საბოლოოდ ჯანსაღ შედეგებამდე მივდივართ.მომავალში გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის“, -ამბობს ქეთევან ჩიკვილაძე.

საკრებულოს ლუკა ჩიხრაძე ხელმძღვანელობს და თხუთმეტივე წევრმა მას ნდობა გამოუცხადა. ლუკა თვლის, რომ მთიანი და მიგრაციული მუნიციპალიტეტებისთვის ახალგაზრდების როლი უმნიშვნელოვანესია.

“ჩვენი წინადადება, საკრებულოს შექმნის თაობაზე, შუქურა ჯაფარიძეს გავანდეთ და მაქსიმალურად დაგვეხმარა იდეის განხორციელებაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, გვასწავლიან, ჩვენს აზრებს ისმენენ, ითვალისწინებენ,საკრებულოს სხდომებსაც ვესწრებით. ჩვენს მიერ დაყენებული საკითხები, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით, მჯერა, რომ ონის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება“– ამბობს ლუკა ჩიხრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები