გიორგი ვაშაძე: ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის მეშვეობით უნდა გადაეცეს
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული ქართული მოდიფიკაციით ჩატარებასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გააკეთეს. “ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი როგორც “პასუხისმგებლიანი ხალხი” საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებენ, რათა შემდგომ ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის მეშვეობით გადაეგზავნოს.
“გერმანული მოდელის მიხედვით შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც ვთხოვთ, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი მიმართვის საშუალება. ვნახეთ სახალხო დამცველის განცხადებაც, რომ კანონი უნდა იყო დარეგისტრირებული პარლამენტში, ჩვენ მზად ვართ როგორც ქვეყანაზე მოფიქრალმა ხალხმა ეს მოთხოვნაც შევასრულოთ. შემდგომში მზად ვართ რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო/ოდირის მიმართ, ეს შენიშვნებიც გავითვალისწინოთ. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” რომ გადავიდეს კონსტრუქციულ მოქმედებაზე, ქვეყანა დაიღალა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკვე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-ში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა იყოს რეგისტრირებული.