დავით ზალკალიანი ლონდონში დაგეგმილ ღონისძიებაში – “NATO Engages: Innovating the Alliance” მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში, 3-4 დეკემბერს ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში- “NATO Engages: Innovating the Alliance” მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute – RUSI) თანაორგანიზებით ტარდება.
შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე – “From the Baltic to the Black Sea: Security on NATO’s Frontlines” მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევებზე.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის მოწვევით, დაესწრება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრას გამართავს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.