დავით ზალკალიანმა მაკრონის მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველთან.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამილახვარის სახელობის პოლიტიკური დიალოგის დაფუძნებას და ამ ფორმატში პირველ შეხვედრას პარიზში. მხარეებმა აღნიშნეს რომ მოცემული პლატფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს მედიაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით.
მინისტრმა ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, განათლების, უსაფრათხოების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს და ქართველი სამხედროების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.
მინისტრმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სამხედროების დაღუპვის გამო მალიში.