გაზრდილი ენერგო-უსაფრთხოება და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი – TANAP-ის გვერდითი ეფექტები საქართველოსთვის

30 ნოემბერს თურქეთში TANAP-ის (ტრანს ანატოლიური გაზსადენი) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო.

პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა.

რა სარგებელს ნახავს ამ ყველაფრიდან საქართველო?

ეკონომისტი შოთა გულბანის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) ამოქმედებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. გულბანის განცხადებით, გარდა იმისა,რომ მილსადენს დიდი გეოპოლიტიკური დატვირთა აქვს და ის საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია, მნიშვნელოვანია მილსადენის ეკონომიკური მდგენელიც.

„აქამდე „შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართველო გატარებული გაზის 5%-ს ღებულობს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ხოლო ტრანს-ანატოლიური მილსადენის მეშვეობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს“,- აცხადებს გულბანი.

TANAP-ის მნიშვნელობაზე საუბრობს პროფესორი ვახტანგ ჭარაიაც. მისი თქმით, ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას,
გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს.

იგივე მოსაზრებას ანვითარებს ეკონომისტი ოთარ ანგურიძეც. მისი თქმით, TANAP-ის და TAR-ის მილსადენების ამოქმედება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რადგან ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროკავშირის სამხრეთ ქვეყნებს, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზრდას. ანგურიძის მოსაზრებით, მსგავსი საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდასთან.

აქვე მცირე სტატისტიკაც. 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების – 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა – 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა – 229 მილიონი, დანარჩენი კი – არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.
რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%).
სპეციალისტების შეფასებით, ფაქტია,რომ საქართველო თანდათანობით სულ უფრო ნაკლებ დამოკიდებული ხდება რუსულ, ანუ გაზპრომოს გაზზე რაც მის, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე მნიშვნელოვნად ამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები