შალვა შავგულიძე: ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალს არ ეძებს, პირიქით, ესკალაციას ახდენს
დოკუმენტი საარჩევნო სისტემის მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საექსპერტო დასკვნისათვის გასაგზავნად მზად არის და დღეს გავაგზავნით კიდეც ოდირში სათანადო დასკვნისათვის, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისთვის უშუალოდ მიმართვის უფლება სახელმწიფოს აქვს.
„დოკუმენტი საარჩევნო სისტემის მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საექსპერტო დასკვნისათვის გასაგზავნად მზად არის და დღეს ან ხვალ გავაგზავნით კიდეც ოდირში სათანადო დასკვნისათვის.
რაც შეეხება, ვენეციის კომისიას, მისთვის უშუალოდ მიმართვის უფლება მხოლიდ სახელმწიფოს აქვს და ოპოზიციას ეს არ შეუძლია. თუმცა, არსებობს შემოვლითი გზებიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ ეს დროში გაიწელება.
მე ვფიქრობ, ოდირის დასკვნაც საკმარისი იქნება, თუმცა, არ გამოვრიცხავ ვენეციის კომისიაში გაგზვანასაც. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ მას გაეგზავნა და ვენეციის კომისიის დასკვნა ყოფილიყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, თუ დასკვნა იქნებოდა დადებითი გერმანული მოდელი შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ გაგვეზიარებინა, ხოლო თუ კომისია რაიმე შენიშვნას მოგვცემდა, ის გაგვეთვალისწინებინა. ყოველ შემთხვევაში, წინასწარ გამოგვეთქვა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანხმობა, რომ ვენეციის კომისიის და ოდირის დასკვნები იქნებოდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი შეთანხმებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან მივიღეთ უარი და ხისტი პოზიცია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, არ შეესაბამება კონსტუტუციას და არავითარ დასკვნას არ ველოდებითო. ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინება არ არის სავალდებულო, ვერ დაავალდებულებს კომისია სახელმწიფოს, რომ გაიზიარეო, მაგრამ არის ძალიან ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური და როგორც წესი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნებს”, – განაცხადა შავგულიძემ.
მისივე განმარტებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ხელისუფლება გამოსავალს არ ეძებს, პირიქით ესკალაციას ახდენს.
„ჩვენ გვაქვს უცნაური და ძალიან ცუდი სიტუაცია. ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი თავისი ძალიან უპასუხისმგებლო მოქმედებით, ვინაიდან ის დაპირდა ხალხს სამართლიან არჩევნებს და მერე უკან წაიღო დაპირება. ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს, ის პირიქით ახდენს ესკალაციას, დაპირისპირებას და ოპოზიცია ვცდილობთ, როგორმე გამოსავალი მოვძებნოთ. ბატონ კობახიძეს სიტუაცია“კავკასიური ცარცის წრის’ პერსონაჟისთვის შეუდარებია და უთქვამს: სახელმწიფო იქცევა, როგორც გრუშე ვაჩნაძე, ანუ როგორც ნამდვილი დედა, მე ვფიქრობ პირიქით, აქ მზრუნველი პოზიცია არის იმ მხარის, რომელიც ცდილობს, რომ კრიზისი განიმუხტოს. ის, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენს შექმნილ რეალობაში იყო მისაღები და სასურველი, მეტყველებს ის გარემოება, ჩვენ კარგად გვახსოვს, რა დიდი იყო აღშფოთება 20 ივნისის ღამის შემდეგ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებამ ეს დაპირება გასცა, ჩვენმა საზოგადოებამ დაიოკა ვნებათაღელვა და საპროტესტო მუხტი ჩაცხრა და ყველა ველოდებოდით ამ სამართლიან არჩევნებს, ხოლო როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მე გადავიფიქრე ხუთი თვის შემდეგ და აღარ ჩავატარებ პროპორციული წესითო, ისევ იფეთქა ამ პროტესტის ტალღამ. მხოლოდ ესეც კი მიანიშნებს, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ჩვენს საზოგადოებას ჩვენს რეალობაში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. ასეთი წესით ჩატარებული არჩევნები იქნება მისაღები საზოგადოებისათვის. რომელიღაც მხარეს არ დააკმაყოფილებს შედეგი, რომელიღაცას დააკმაყოფილებს. მთავარია საზოგადოებამ მიიღოს არჩევნების შედეგი, როგორც სამართლიანი შედეგი და თუ ეს არ იქნა და აპრიორი თუ იქნა განწყობა, რომ ეს წესი, რომელიც დღეს არსებობს უსამართლოა, ხელისუფლებას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს და თუ ხელისუფლება ამის გამოსწორებას არ ცდილობს, ე.ი შენ გინდა, რომ ესკალაციის, სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ჩააატარო არჩევნები. იგივე შეიძლება გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც იმიტომ, რომ აპრიორი გამოთქვამს საზოგადოება, რომ მიუღებელია ეს წესი”, – განაცხადა შავგულიძემ.
თამუნა შეყილაძე