ნიკა მელია: რეალურად ახლა მათი ამოცანაა, პარლამენტიდან გამომაგდონ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, აღნიშნული საქმე აბსურდულია.

ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კოლექტიურმა ბექა ოდიშარიებმა უნდა მიიღონ.

“შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუ არ ვცდები, დაახლოებით 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული. 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა, ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინაიდან 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე. ეს საქმე, რომ რაიმე საფუძველს აძლევდეს ხელისუფლებას, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუვნებელი განაჩენი გამოვიდოდა. აბსურდული საქმე იყო.

ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო, შეიკრიბა “ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინეთ. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება “ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები