ირაკლი კობახიძე: ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში, კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის “ნაციონალურ მოძრაობაში”

არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე, ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში, კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში”, – ასე უპასუხა გადაცემა „კვირის თემის” წამყვანის კითხვას კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს დაეთანხმა, რომ ახლა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება არარეალისტურია.

“ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები დაგვეთანხმნენ იმაში, რომ არარეალისტურია ახლა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება. მძიმე კრიზისი იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო პარტნიორებთან. არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე, ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში, კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე ისაუბრა გერმანული მოდელის ნიუანსებზე. მის თქმით, საკონსტიტუციო ინიციატივად რომ იქცეს ეს ყველაფერი, იქ არის უამრავი ნიუანსი, რამაც შეიძლება, ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

“ასეთი მარტივი არ არის, იქაც არის სხვადასხვა ტიპის ინტერესები, სხვადასხვა არგუმენტი. ამაზეც გვქონდა ჩვენ შეხვედრაზე საუბარი. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ არაერთი “ფეიკპარტია”, ანუ ყალბი, ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. ათზე მეტია ასეთი პარტია, რომელიც ცდილობს მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მილიონობით, უფასო საეთერო დრო, რომელიც არის მილიონობით ლარის ღირებულების და ა.შ. “ფეიკპარტიების” პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს. ეს არის ერთი არგუმენტი – სად არის გარანტია, რომ “ფეიკპარტიები” არ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. თუ “ფეიკპარტიას”, რომელიმე პარტია გამოიყენებს, მაშინ ის იღებს უსამართლო უპირატესობას, შესაბამისად საერთოდ აზრი ეკარგება გერმანული მოდელის გამოყენებას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა მეორე არგუმენტზეც და „ქართული ოცნების” მაგალითზე ახსნა.

“ჩვენს შემთხვევაში რომ ავიღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ 2016 წელს სიიდან არც ერთი კაცი არ შედიოდა „ქართული ოცნებიდან” პარლამენტში და თქვენ იცით როგორ არის განაწილებული ამ შემთხვევაში სურათი, ძირითადად ხელმძღვანელობა, და წამყვანი პოზიციები, რომ ავიღოთ ვიცე-სპიკერები კომიტეტის თავმჯდომარეები, ისინი არიან ძირითადად სიით წარდგენილები და ამ შემთხვევაში მათი უმეტესობა რჩებოდა პარლამენტს გარეთ,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც წამოიწევს წინ, თუ საკონსტიტუციო განხილვა დაიწყება და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეიძლება უმრავლესობის შიგნით აიჭრას სიტუაცია.

ოპოზიციის იდეაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განმარტა, როგორ შეიძლება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

“ჯერ უნდა მიიღო კანონი და მერე უნდა მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს.

ჩვენ შევდივართ უკვე საარჩევნო წელიწადში, ოპოზიცია საჯაროდ სხვა რამეს ამბობს, ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იქვე დაფიქსირდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობითო,”- განმარტა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებემა მდივანმა იქვე განმარტა მთელი პროცესი, კანონის მიღების, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი შეტანის, საქმის განხილვის და დადგენილების მიღებისთვის საჭირო ვადები, რასაც შემდეგ კანონის შეცვლა მოყვება.

“არჩევნები კარზეა მომდგარი, რეალურად ისეთ რამეზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც თვითონაც იციან, რომ არარეალურია.

გერმანული მოდელიც, დავით უსუფაშვილი არის მცოდნე და გამოცდილი იურისტი და დარწმუნებული ვარ, რომ მან ზუსტად იცის, თავიდანვე იცოდა, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, უბრალოდ მოთხოვნაზე ვერ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რა უნდა მოითხოვონ ვერ მიხვდნენ. ჯერ მოთხოვნა იყო რიგგარეშე არჩევნები, მერე მიხვდნენ, რომ თვითონ არ აწყობთ ეს რიგგარეშე არჩევნები. მერე რაღაცაზე უნდა გადასულიყვნენ და გადავიდნენ გერმანულ მოდელზე, თორემ თავიდანვე იცოდნენ თვითონ, რომ ეს მოდელი არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ ამ შეთავაზებას მმართველი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ესეც არ გამოდის, იმიტომ რომ თვალნათლივ მისი შეუსაბამობა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, ყველაფერი ნათელია, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება და ამ ტრიუკის გამოყენებაც შეიძლება, როცა ხარ ოპოზიციაში. შეგიძლია, არაკონსტიტუციური მოდელი შესთავაზო ხელისუფლებას იმისათვის, რომ რაღაც დრო მოიგო.

“რეალურად ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ჩვენ ვთქვით და დავამტკიცეთ, რომ გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება მოქმედ რედაქციას. მათ როგორც კი დაინახეს, რომ ეს გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამის უამრავი მტკიცებულება იყო იქ წარმოდგენილი, მაშინვე გადაერთნენ სხვა ინიციატივებზე. ოპოზიციის კონკრეტულმა წარმომადგენლობამ იქვე თქვეს უარი ამ მოდელზე და გადავიდნენ აბსოლუტურად სხვა ინიციატივაზე, თუმცა მერე გაირკვა, რომ ერთმანეთში არ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხებოდა კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში რაღაცის გადასინჯვას, ანუ როგორც მოგეხსენებათ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, 73 მაჟორიტარულით, და მაჟორიტარულის ნაწილში ჰქონდათ კონკრეტული შემოთავაზება. შეჯერებას, იდეა იყო ერთმანდატიანი ოლქების მრავალმანდატიანად გადაკეთების შესახებო, თუმცა იქვე იყო დაპირისპირება მათ შიგნით. აქ სიღრმეში არ შევალ, იმიტომ, რომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. იქვე ვთქვით, რომ ეს ვარიანტი არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში, თუ ამაზე შეჯერდებით, ჯერ დავხუროთ ეს გერმანული მოდელის თემა, არაკონსტიტუციურობის თემა და შემდეგ წარმოადგინეთ წინადადება, თუ მოახერხებთ ერთმანეთში შეთანხმებას,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები