ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიაში გაგზავნა ღირსების საკითხია, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად
რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად, – ასე უპასუხა კვირის თემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ აგზავნის ხელისუფლება ვენეციის კომისიაში დოკუმენტს, რომ მან დადოს დასკვნა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გერმანულ მოდელთან დაკავშირებით შეხვედრას ესწრებოდნენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, როგორც მდივანი, ასევე კონკრეტული კვალიფიციური ექსპერტი და იყო იმის საშუალება, რომ იქვე განხილულიყო იურიდიულად ეს საკითხი და დასმოდა წერტილი ამ ყველაფერს.
“იმიტომ გარბოდა ოპოზიცია სამართლებრივი დისკუსიიდან, რომ წერტილის დასმა არ აწყობდათ. სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად გერმანიაში რომ ვსწავლობდი ასეთი კაზუსი არ მოჰქონდათ პირველი კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე. პირველ კუსზე იყენებენ ასეთ კაზუსებს, იმისათვის, რომ სტუდენტებმა გააცნობიერონ იურიდიული ლოგიკის ანა-ბანაში, ანუ საფუძვლებში. ეს არის ზუსტად ასეთი კაზუსი, ანუ ვამტკიცებთ მარტივ რამეს, 77 არის 77, თუ 77 არის 150. იმდენად მარტივია ეს კაზუსი, რომ აქ რაიმე სიღრმეშიც კი არ არის საჭირო შესვლა.
ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით. არა ერთი ეთერი ყოფილა ამასთან დაკავშირებით და ყველა განმარტებას ვიყენებთ, რაც კი არსებობს იურისპრუდენციაში, ეს არის გრამატიკული განმარტება, ისტორიული განმარტება, ტერმინოლოგიური განმარტება და ყველა არგუმენტი გვაქვს ამაში ჩართული, მაშინ როდესაც არც ერთი არგუმენტი არ მოუტანია ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და ე.წ ექსპერტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მოდელი არის კონსტიტუციური. შეხვედრაზე ეს იმდენად ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად მათ ვეღარ შეძლეს საუბრის გაგრძელება გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და ამიტომ გადაერთნენ სხვა თემაზე. უმწვავესი იყო ეს ყველაფერი.
იმ შეხვედრაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა, რომ შეუძლებელია ვენეციაში გაგზავნა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე ვინ რა თქვა, ეს იყო შეთანხმება შეხვედრის წინ, მაგრამ ერთადერთ რამეს ვიტყვი, იქ ითქვა, რომ ვენეციაში ეს ვერ გაიგზავნება და ითქვა რატომ ვერ გაიგზავნება და ამ პოზიციის გამხმოვანებელი არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.