მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიო დათესეს
მოძრაობა “გაბედეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “ლეიბორისტული პარტიის” წევრის, დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებმა სასამართლოს ეზოში და მის გარეთ ლობიო დათესეს.
მათი თქმით, ჩხარტიშვილის დაკავება სწორედ ჰაერში ლობიოს მარცვლების აყრის გამო მოხდა.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.
სამართალდამცველებმა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 29 ნოემბერს დააკავეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციას ესწრებოდა. მას 8 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.