სუს-ის და ევროკავშირის ორგანიზებით, მედიასემინარი გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის – “საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა” ორგანიზებით, ორდღიანი მედიასემინარი თემაზე – “მედიის როლი ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, ევროკავშირის პროექტის: “საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა” ხელმძღვანელის მოადგილე მარტინ ბეგშოუ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ესწრებოდნენ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქართული მედიის წარმომადგენლებმა, როგორც ტელემაუწყებლებიდან, ისე საინფორმაციო სააგენტოებიდან და ბეჭდური გამოცემებიდან.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა მედიის როლის განხილვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში და აღნიშნული მიმართულებით მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
სესიებს უძღვებოდნენ ექსპერტები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან და საქართველოდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კერძოდ: დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი – სერ კენ ჯონსი; დიდი ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი და ტერორიზმის საკითხებში სამართალდამცავი უწყებების მრჩეველი – პიტერ მინშელი; კრიმინალის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტი, გამომცემლობა – „London Evening Standard“-ის ყოფილი რედაქტორი – ჯასტინ დეივენპორტი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე – ბაჩა მგელაძე; საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – გიორგი საბედაშვილი; საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი – გიორგი გოგუაძე და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი – ეკა მეტრეველი.
ბრიტანელი ექსპერტები სემინარის მონაწილეებს ესაუბრნენ ტერორისტული ინციდენტების გაშუქების დროს მედიის მუშაობის სპეციფიკაზე, ტერორისტული ინციდენტებისა და კონტრტერორისტული ოპერაციების დროს სამართალდამცავ უწყებებსა და მედიას შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ ასევე გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მიმოიხილეს კონკრეტული მაგალითები დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ხაზი გაესვა ტერორისტული ინციდენტების დროს სამართალდამცავი უწყებების და მედიის თანამშრომლობის აუცილებლობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეებს ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, მათ შორის ტერორიზმის ნარატივთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ. სემინარის ფარგლებში გაიმართა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების კუთხით მსჯელობა და განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდა რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერორიზმის პრევენციის საკითხებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე და განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.
სემინარის დასასრულს, ბრიტანელმა ექსპერტმა მედიის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით წარმართა პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც რეალური საქმის სცენარზე იყო აგებული.