მარნეულში საოჯახო მარანი „ელდარადო“ გაიხსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ღვინის საოჯახო მარანი „ელდარადო“ ოფიციალურად გაიხსნა. ბოჭორიშვილების მარნის პრეზენტაციას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან (რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი, თავკვერი კაბერნე) დაწურული ღვინოები.
აღსანიშნავია, რომ ბოჭორიშვილების ოჯახს ვენახები მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგიური ძეგლების – „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ მიმდებარედ, ცნობილ მიკროზონებში აქვთ გაშენებული, რაც მათ მარანში წარმოებულ ღვინოს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ თვისებებს მატებს.
გარდა, ამისა “ელდარადოს” დამფუძნებლის განმარტებით, ამ ტერიტორიაზე, ღვინის წარმოებასა და საოჯახო მარნის განვითარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. აღ. VII – VI ათას წლეულებში, დაახლოებით, 8200 წლის წინ აყენებდნენ. სწორედ ამიტომ, მარნეული ცნობილია, როგორც – ღვინის აკვანი.