გია ვოლსკი: კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრს სათავეში ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება შესაძლებელია წარმატებული იყოს.
თუმცა ამასთანავე, მისი განმარტებით, არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებაში კულტურის ცენტრზე იყო ლაპარაკი.
“კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს. როგორც თვითონ აღნიშნა, რუსული კულტურის ნაწილია. რაც შეეხება ენის შემსწავლელ რაღაც კურსებს, რომელიც სავიზო განყოფილებაში კომერციულ საწყისებზე უნდა ჩამოაყალიბონ, ვნახოთ, რას იზამენ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. უკეთესია, მის კულტურას თავად რუსეთი მიჰყვებოდეს, ისეთ კულტურას როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო ენის კურსების გახსნაზე, რაც კომერციული სტრუქტურა იქნება სავიზო განყოფილებასთან არსებული. ალბათ, ამას ზურაბ აბაშიძე უკეთ იტყვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის შესახებ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას განუცხადა.