თეა წულუკიანი: არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი

არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული მათი ყოფილი ნაწილები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხალხი 2020-ში იტყვის, „ნაციონალები“ უნდა დაბრუნდნენ თუ არა ხელისუფლებაში.

„ხალხი იტყვის თავის სათქმელს 2020-ში, უნდა დაბრუნდნენ თუ არა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. ეგებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რატომ არ უნდათ მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ, მათ როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ხვალ დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას დიპკორპუსის თანხლებით შეხვდებიან და განხილვის საგანი „გერმანული მოდელიც“ იქნება, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ “გერმანული მოდელი” კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„კიდევ ერთხელ შეხვდებიან და აუხსნიან უკვე ოფისის პირობებში, რომ არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას, სულ ეს არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან მოუწოდა ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები