“რბილი ძალა” ძლიერდება – თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება

თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამის შესახებ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას განუცხადა.

“რასაკვირველია, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”,-განაცხადა კარასინმა.

5 ნოემბერს რუსული ენის საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში რუსულ ენას ომი გამოუცხადეს.

პუტინის აზრით ეს ომი გამოცხადებული აქვთ „გამოქვაბულის ხანაში დარჩენილ რუსოფობებს“, მარგინალებს და ნაციონალისტებს, რომლებიც ცდილობენ რუსული ენა მეორე ხარისხოვნად აქციონ.

„ეს სახელმწიფოებრივი ოფიციალური პოლიტიკაც ხდება“, – განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსული ენა – „რბილი ძალაა“.

„ენა – მძლავრი იარაღია არისო და სხვა რამესაც ამბობენ. მოდით, არ გამოვიყენოთ ასეთი სიტყვები, ამაში დევს აზრი – არ გამოვიყენოთ. რადგან, თუ ეს იარაღია, მას როგორც იარაღს შეებრძოლებიან. ისედაც ებრძვიან, მაგრამ სხვა მიზეზებით. დიახ, გარკვეულწილად ის ძალაა – მაგრამ რბილი ძალა. ვფიქრობ, ეს სრულებით საკმარისია“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს გავლენები არა იარაღით, არამედ ეკონომიკით განისაზღვრება.

პუტინი ენასთან დაკავშირებულ პოლიტიკას რუსეთისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მისი თქმით, ის გააზრებული და დაბალანსებული უნდა იყოს. მისივე განკარგულებით, საჭიროა საზღვარგარეთ რუსული ენის მხარდაჭერა, ამაში მედიის ჩართვაც არის საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები