ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხორციელებაში მხრადაჭერა აღუთქვა

სტრასბურგი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ლილიან მორი პასკიესთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროპის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევასა და ორგანიზაციის პრინციპებისა და ღირებულებების ეფექტურ რეალიზებაში საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები -ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. აღინიშნა, რომ მოცემული პრიორიტეტები აქტუალურია და ეხმიანება არა მხოლოდ ევროპის საბჭოს, არამედ ზოგადად, ევროპის კონტინენტზე არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდშია დაგეგმილი. ასამბლეის პრეზიდენტმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ყველა იმ პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც ქვეყანამ წარადგინა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეროვნულ დონეზე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეასთან.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე; ხაზი გაესვა მსგავსი ფაქტების მიუღებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციის აუცილებლობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები