ქეთევან ციხელაშვილი: ვიცით, არეულობა და სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვის წისქვილზე ასხამს წყალს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პროტესტი ყველგან დასაშვებია, თუმცა ამისთვის კანონი არსებობს.
მისი თქმით, საზოგადოებამ თავისი განწყობა არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს.
“არეულობა, დაძაბულობა, სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერ წარმომადგენელს. პროტესტი ყველგან დასაშვებია, ამისთვის არსებობს კანონი, არსებობს გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და არც არავინ ზღუდავს ამას, მაგრამ როდესაც ვინმეს აქვს მცდელობა, რომ არ მუშაობდეს პარლამენტი, მთავრობა და დავბრუნდეთ წარსულში, რომლიდანაც ბევრი უბედურების გავლით გამოვიყვანეთ ქვეყანა, ეს არ მოხდება. უკან დაბრუნება არის შეუძლებელი, ეს არ წაადგება საზოგადოებას. არსებობს ამის ერთი მიღებული ფორმა დემოკრატიის, ეს არის სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ნების გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.