ილარია მარკონი – გოგონა, რომელმაც ქართული მუსიკის ჰანგებით იტალიელები აღაფრთოვანა
გაიცანით ილარია მარკონი -16 წლის მუსიკოსი, რომელმაც იტალიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მუსიკალური კომპოზიცია დოლიძე-შიუკაშვილის “ქეთო და კოტე“ შეასრულა და ქართული მუსიკის ჰანგებით იტალიელები აღაფრთოვანა.
იტალიაში წარმატებული ილარია დედით ქართველია, თუმცა საქართველო მხოლოდ 16 წლის ასაკში ნახა. მანამდე კი, მისი მეორე ქალაქის, ბათუმის შესახებ, გადმოცემით იცოდა.
მუსიკოსის შესახებ “რეგიონულ კვირასთან“ დედა და დეიდა საუბრობენ. მათი თქმით, ილარია ყოველთვის მიისწრაფვოდა ქართული ფესვებისაკენ და მისი ერთ-ერთი ოცნება მაშინ ახდა, როდესაც მსმენელის წინაშე ქართული მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.
“მიუხედავად იმისა, რომ ილარია მარკონი დედით ქართველია, საქართველო წელს პირველად ნახა. მანამდე კი, ახალგაზრდა პიანისტმა დედის მშობლიურ ქალაქ ბათუმზე, მხოლოდ გადმოცემით იცოდა. ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა საქართველოში მოგზაურობისა და ქართველი ხალხის გაცნობის. იგი იმდენად დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა იტალიაში, რომ უნდოდა ეს ემოცია რაიმე ფორმით გადმოეცა. ილარია ხელოვანია, ძალიან უყვარს მუსიკა და თუ ხელოვნებაში არა, აბა სად უნდა გამოეხატა თავისი შინაგანი აღფრთოვანება“, – გვიყვება გოგონას დეიდა, გულნარა სვანიძე.
ახალგაზრდა მუსიკოსი ხელოვნების ამ სფეროს ბავშვობიდან ეუფლება. ილარიას დედაც და დეიდაც მუსიკოსები არიან. თუმცა გოგონას დედამ მუსიკალურ კარიერას სამედიცინო საქმიანობა ამჯობინა და საცხოვრებლად ბათუმიდან იტალიაში გაემგზავრა.
რთული აღმოჩნდა მშობლიური ბათუმიდან შორს ყოფნა, თუმცა გაცილებით გაუსაძლისი იყო საყვარელ ინსტრუმენტთან განშორება. ოჯახის წევრებმა პიანინო ვენეციაში გემით გაუგზავნეს, ილარიამაც სწორედ ამ ინსტრუმენტით დაიწყო მუსიკალური განათლების მიღება და დღეს იგი, თავისი შემოქმედებით, იტალიის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზებს იპყრობს.
პირველი წარმატება 7 წლის ასაკში ეწვია, როდესაც მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. ამას მოჰყვა სხვა წარმატებები. თუმცა, როგორც გოგონას დედა ამბობს, ყველაზე დიდი გამარჯვება ილარიასთვის იტალიაში ქართული კომპოზიციის შესრულება იყო.
“უამრავი წარმატების მიუხედავად, მისთვის ქართული კომპოზიციის შესრულება ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ნოტებიც საქართველოში ჩამოსვლისას, თავად დაამუშავა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო მისთვის ამის შესრულება, თუმცა ვთვლი, რომ გამოუვიდა, ილარიას შესრულებამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ილარია ისევ გეგმავს ბათუმში ჩამოსვლას და თავისი იდეების განხორციელებას“,-ამბობს ილარიას დედა, ელზა აბასოვა.
გოგონა მუსიკასთან ერთად სამოდელო საქმიანობასაც ეწევა და არაერთ ჩვენებაშიც მიუღია მონაწილეობა. უყვარს უცნაური ფიგურების ხატვაც.