პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება
5-თვიანი პაუზის შემდეგ, პრაღაში დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის 23-ე შეხვედრა გაიმართება.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებით გათვალისწინებული საკითხების გარდა, მოხდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხის განხილვა.
ამას გარდა, მხარეები რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც შეეხებიან.
როგორც ზურაბ აბაშიძემ 14 ნოემბერს “კვირას” განუცხადა, ქართული მხარე მოისმენს იმ წინადადებებს, რომელიც რუსულ მხარეს საკითხთან დაკავშირებით ექნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ფრენების აღდგენის მზაობას აცხადებს.
რაც შეეხება კარასინს, მან ორი დღის წინ მედიას განუცხადა, რომ ფრენების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა ვითარების ანალიზი.
ამასთან, რუსული მედია 27 ნოემბერს წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა 2020 წლის პირველ ნახევარში მოხდება.