მეათე საუკუნის ტაძრის უნიკალური ფრესკები პირველად “რეგიონული კვირის” ობიექტივში (ვიდეო)

მეათე საუკუნის ტაძარი ბაღდათში, სადაც უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი, „რეგიონულმა კვირამ“ ექსკლუზიურად გადაიღო და მის ისტორიას გიამბობთ.
წმინდა გიორგის ტაძარი ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში მდებარეობს. ტაძარში არსებული ფრესკები უნიკალურია. სალოცავში დაცულ ძველ საღმრთო წიგნებსა და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ საგანძურს წლებია ადგილობრივი ანზორ დევიძე უვლის და ინახავს, რომლის წინაპარიც ამ ტაძრის მოძღვარი იყო. როგორც „რეგიონულ კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ხორავა უყვება, ძნელად თუ მოიპოვება საქართველოში ტაძარი, სადაც ამ რაოდენობის ფრესკა და წარწერაა შემორჩენილი. მისი აზრით, შესაძლოა, ტაძრის სათანადო შესწავლამ, ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი გახადოს ცნობილი.
„წმინდა გიორგის ტაძარი მეათე საუკუნის ძეგლებს მიეკუთვნება, მაგრამ დანგრეულა ერთ-ერთი შემოსევის დროს, შესაბამისად შეინიშნება მეორადი გამოყენების ქვები. ტაძრის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ტაძრის სიმცირის მიუხედავად, მრავლადაა წარმოდგენილი უნიკალური ფრესკები და კედლის მხატვრობა, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის გამორჩეულ საეკლესიო მხატვარს, გიორგი ჯოხთაბერიძეს ეკუთვნის. ეს ფრესკები და წარწერები შესწავლილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მარუაშვილის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტაძრის აღდგენა და ფრესკების რესტავრაცია, რაც დიდ გავლენას მოახდენს ტურისტული თვალსაზრისითაც. მხატვარი, რომელმაც ეს ტაძარი მოხატა, ერთადერთია, რომელსაც ერთზე მეტი ტაძარი აქვს მოხატული, ანალოგიური პიროვნებები როგორც წესი არ გვყავს, ამ მხატვრის გარდა მხოლოდ სვანეთშია მხატვარი, რომელსაც ერთზე მეტი ტაძარი აქვს მოხატული“, – აღნიშნავს გოჩა ხორავა.
ამჟამად, წმინდა გიორგის ტაძარი მოქმედი არ არის, წირვა მხოლოდ გიორგობის დღესასწაულზე ტარდება და მრევლის გარკვეული რაოდენობაც იკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები