ბიძინა ივანიშვილი: ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა გუნდი დაშლილიყო
„ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა გუნდი დაშლილიყო “, -ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე” გადაცემა „SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
ივანიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული იყო.
„24 ივნისს ითხოვდნენ პოლიცია დაესაჯათ. გახსოვთ, ალბათ, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში შესვლას რომ ცდილობდნენ. ოპოზიციური გუნდის წევრები ამბობენ – „არა, არა, არაფერი არ გვინდოდა”, აბა შუაღამისას რატომ შედიოდით პარლამენტში? რა გინდოდათ, თუ არაფერი არ გინდოდათ? მათ ორი მოთხოვნა ჰქონდათ. ერთი ის, რომ ესენი კი არ უნდა დაგვსაჯა, ვინც პარლამენტზე ძალადობდა, ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტზე სახელმწიფოებრიობისა, არამედ პოლიცია. და მეორე პროპორციული, რაც დავარქვათ ლეგიტიმური და რელევანტური მოთხოვნა იყო,
შეგვექმნა 20-ში ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამაზე თანდაყოლით გავყევით, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და ეს ყველაფერი სწორედ „ნაციონალური მოძრაობისგან”, „ევროპული საქართველო” იქნება თუ ლეიბორისტული პარტია, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ, იყო ორგანიზებული. რაც ჩვენ შევთავაზეთ, მივიღეთ უარესი აგრესია, სამი თვის განმავლობაში ქუჩიდან ვერ გავიდნენ და არ გავიდნენ”. – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პარტიას ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.
„პლენარული სხდომა საშინელი შეურაცხყოფები გაგრძელდა და შეიძლება პლენარული სხდომა ბოლო წვეთი იყო. დაიწყო სამმა-ოთხმა დეპუტატმა ეს გადაიზარდა ათ და თხუთმეტში. სამწუხარო რეალობაა, ხშირად ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევა, იშვიათად კარგსა და უკეთესს შორის გვიწევს და აქაც უნდა სწორი არჩევანი გააკეთო. ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა ეს გუნდი დაშლილიყო და მსგავსი უბედურება მიგვეღო. დისციპლინარულად მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ეს, როგორც მოხდა”, – განაცხადა ივანიშვილმა