ცოტნე ზურაბიანი საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარების პროცესს აფასებს

„საქართველოსთვის, ეს არის ინსტიტუციური თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა – ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარების პროცესს.

„საქართველო პირველად ხდება მსგავსი მასშტაბური ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ვუხელმძღვანელებთ ამ პროცესს 6 თვის განმავლობაში იმ მთავარ პრინციპების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ შევჯერდით. ეს არის პრესტიჟი და პრესტიჟთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადმოეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს. თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

უკვე გაჟღერებულია საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის 4 პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები