გია ვოლსკი გელბახიანისა და სანიკიძის სააკაშვილთან შეხვედრაზე: ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია.
“მართალი გითხრათ, ცოტა გულდაწყვეტაც მაქვს, რადგან არიან ადამიანები, რომელთა მხრიდან საზოგადოება ელის ღირსეულ ნაბიჯებს, თუნდაც გელბახიანის მხრიდან, რომელიც იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მე ვერ გეტყვით, რომ ბადრი პატარკაციშვილს, როგორც პოლიტიკოსს მხარს ვუჭერდი, ეს ასე არ არის, ან გუბაზ სანიკიძე, თქვენ თვითონ იხილეთ, რა პოზიციით გამოირჩეოდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ არ მიკვირს რატომღაც. ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია. მნიშვნელოვანი ძალა არ შეიძლება იყოს და ვერც განვიხილავ. მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება შეიცვალა მათზე”, – განმარტა გია ვოლსკიმ.
კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს 23 ნოემბერს შეხვდა.