ირაკლი კობახიძე: დავით ბაქრაძეს ეპატიება, მაგრამ იურისტებს არა იმის არცოდნა, რომ „გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

შეგვიძლია ერთად დავსხდეთ და სათითაოდ, არგუმენტირებულად ავუხსნათ ოპოზიციას, სად არის წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა” და საქართველოს კონსტიტუციას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ თუ ხელისუფლება “გერმანულ მოდელს” დათანხმდება, დეკემბრის ბოლომდე ქვეყანას სამართლიანი საარჩევნო სისტემა ექნება და აქციები შეწყდება.

კობახიძის თქმით, ბაქრაძეს „გერმანულ მოდელზე” საუბარი ეპატიება, თუმცა „უმარტივესი კაზუსია”, რომ „გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ბაქრაძეს ეპატიება იმიტომ, რომ იურისტი არ არის. რაც შეეხება იურისტებს, მათ არ ეპატიებათ იმის არცოდნა, რომ „გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეგვიძლია ერთად დავსხდეთ და სათითაოდ, არგუმენტირებულად ავუხსნათ ოპოზიციას, სად არის წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა” და საქართველოს კონსტიტუციას შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის რთული კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომელიც პირველი კურსის პირველ ლექციაზე შეიძლება ამოიხსნას სტუდენტის მიერ. შესაბამისად, ძალიან მარტივად დავსხდებით და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები