გიორგი კახიანი: თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება

თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან და პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონისმიერი პროტესტის უფლება ყველას აქვს.

“პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება ისე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. მე არ ვიცი ოპოზიცია რას გეგმავს, თუმცა, ნებისმიერი პროტესტის გამოხატვა არის მათი უფლება, ვგულისხმობ კანონისმიერ პროტესტს. მათ მიეცემათ ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულიც არის უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით კეთდება ეს, ერთადერთი პირობა არსებობს ამ შემთხვევაში და ეს არის ის, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს. თუ კანონი დაირღვა, პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდება“, – განმარტა კახიანმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბება და პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები