დავით მათიკაშვილი: 2020 წელს საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სისტემით ჩატარდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სისტემით ჩატარდება. მისი თქმით, შერეული სისტემა სრულიად დემოკრატიული და თავსებადია იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას გააჩნია.
“უმრავლესობის უმრავლესობა იყო სრულიად მოწადინებული იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიეღო. კარგად მოგეხსენებათ უმრავლესობის განწყობა, თუ როგორ ჩატარდა საკონსტიტუციო განხილვები. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია, პოლიტიკაში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. პირადად მე ვისურვებდი, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, თუმცა ახლა უკვე ამის რესურსი არ არსებობს. ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ კიდევ ერთხელ ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ წესი შეცვალა და პირიქით, მაჟორიტარები დაამატა. 25 მაჟორიტარი იყო დამატებული 2010 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უახლესი ისტორია, “ქართული ოცნება“ როგორ ასრულებს დაპირებებს დემოკრატიული წინსვლისთვის, ხოლო იმ ძალამ, რომელიც პრეტენზიებს გვიყენებს, კონსტიტუცია საკუთარ პარტიაზე მოირგო. 2020 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული სისტემით. შერეული სისტემა სრულიად დემოკრატიული და თავსებადია იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას გააჩნია, ხოლო კონსტიტუციაში სწორედ “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად პირდაპირ განისაზღვრა, რომ 2024 წელს ჩატარდება ერთიანი პროპორციული არჩევნები. ეს ვერ შეძლო, უფრო მეტიც, არ შეძლო მანამდე არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უარი არ თქვა“, – განმარტა მათიკაშვილმა.