მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოდელზე: გერმანულ სისტემას მიმსგავსებული მოდელიც კი კონსტიტუციის შეუსაბამოა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს, არის სპეკულაციური, რადგან ყველა იურისტი თანხმდება იმაზე, რომ ეს არის კონსტიტუციის შეუსაბამო მოდელი.
ამის შესახებ მდინარაძემ ოპოზიციის მიერ წარდგენილი მოდელის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
“კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ შევხედოთ სიმართლეს. ჩვენ გვესმის სპეკულაციური განცხადებები. ნახეთ ალბათ როგორ შეცვალეს მესიჯი ბოლო დღეების განმავლობაში. შეიმუშავეს გარდამავალი მესიჯი, რომ არა გერმანული მოდელი, არამედ გერმანულის მსგავსიო. ყველა იურისტი, რომელიც სუბიექტური არ არის თანმხდება, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი, არის კონსტიტუციის შეუსაბამო მოდელი. მათი მოთხოვნა არის არალერევანტული, სპეკულაციური და თავად შეჰყავთ პროცესები ჩიხში”, – განმარტა მდინარაძემ.
ოპოზიცური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ “პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, ისე როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, 6-7-8 მანდატიანი ოლქები; თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება, შესაბამისად არ იქნება შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას მიიტაცოს ხელისუფლება, მაქსიმალურად იყოს გამოხატული თითოეული ადამიანის ინტერესი. მას მხოლოდ 76 ხმა სჭირდება და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა”.