დავით ჩიხელიძე: გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ
“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, გიგი უგულავა რადიკალური აქციებით ცდილობს დიპლომატიური კორპუსი კვლავ დაარწმუნოს, რომ მის პოლიტიკურ აქტიურობასთან იქნება ყოველივე დაკავშირებული და არა მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებთან.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და აღნიშნული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გიგი უგულავას ქცევამ, წარსულთან პარალელების გავლების შესაძლებლობა მომცა.
ასეთი აღგზნებული და უკონტროლო უგულავა ერთხელ უკვე ვნახეთ, კერძოდ 2013 წელს, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პროვოკაცია მოაწყო და იქ მისულ ადამიანებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ რა ამოძრავებდა უგულავას? საკუთარი თუ მიშას ტყავის სიყვარული? მას მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენა ამოძრავებდა, რადგან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელიც შეეხებოდა უგულავას მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, სადაც საუბარი იყო 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე.
გიგი საკუთარი აქტიურობით ცდილობდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაეყვანა, რაც არ გამოუვიდა. დღეს კი ჩვენ ვხედავთ კვლავ იგივე გიგის, რადგან მან იცის, რომ ე.წ. „სითი პარკის” საქმის გამოძიება დასკვნით სტადიაზეა და მტკიცებულებათა ერთობლიობა გიგი უგულავას გამტყუნების საფუძველს იძლევა, კერძოდ, საქმე ეხება “სითი პარკთან” დადებულ კაბალურ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა,(საუბარია მილიონობით ლარზე) საგულისხმოა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება 5 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, რაც მიმდინარე მოვლენებთან გამოძიების კავშირს გამორიცხავს.
მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რომ გიგი უგულავას მიერ ჩადენილი დანაშაულთა სპექტრი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომავალში შესაძლოა, კვლავ გამოვლინდეს მის მიერ განხორციელებული გარკვეული კორუფციული საქმიანობა და მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რის გამოც ამ რადიკალური აქციებით იგი ცდილობს დიპლომატიური კორპუსი კვლავ დაარწმუნოს, რომ მის პოლიტიკურ აქტიურობასთან იქნება ყოველივე დაკავშირებული და არა მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებთან. გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ საბოლოოდ, რაც მის არაადეკვატურ ქცევას იწვევს,” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.